ხუთშაბათი, 24 აპრილი 2014
რეკლამა
Singular
კომენტარი
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა უსინათლოებისათვის, „ბუ 2“ თბილისის გარდა საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში: თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ბორჯომში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში გახდა ხელმისაწვდომი. ამ ქალაქების ბიბლიოთეკებში არა მხოლოდ დაინერგა ეს სისტემა, არამედ ტრენინგებიც ჩაუტარდათ უსინათლოებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ იგი. დღეისათვის „ბუ2“ პორტაბელურია და ნებისმიერ უსინათლოს შესაძლებლობა აქვს თავის კომპიუტერში აბსოლუტურად უფასოდ გადაიწეროს.
როგორც „ბუ2“–ის შემქმნელმა ბესო სოლოღაშვილმა გაზეთ ნავიგატორთან ინტერვიუში თქვა, მისთვის ძნელია იმ სტატისტიკის დადგენა, თუ რამდენი უსინათლო სარგებლობს „ბუ2“–ით, მას შემდეგ, რაც სისტემა პორტაბელური გახდა.
„ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 7159 უსინათლოა. ამ მონაცემებში აღრიცხულნი არიან მხოლოდ პირველი ჯგუფის უსინათლოები, რომლებიც 22 ლარიან დახმარებას იღებენ. მე ვფიქრობ, ახალგაზრდა უსინათლოთა აქტიური ნაწილიდან ამ სისტემას ყველა იყენებს.
რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა „ბუს“ უსინათლოები ძალიან წარმატებულად იყენებდნენ. როცა უნდა დავრეკო ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან, ტელეფონზე საუბრისას „ბუ2“-ის ხმები გამუდმებით მესმის. მე თავად ვიცნობ ერთ გოგონას, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეა. მან მოახერხა მისი მეშვეობით ასპირანტურაში სწავლა. დაწერა და გამოაქვეყნა სტატიები. ასევე წარმატებით დაიცვა დისერტაცია. ვფიქრობ, სისტემა „ბუ2“–მა უსინათლოების ცხოვრებას მეტი აზრი მისცა,“ - დასძინა ბესო სოლოღაშვილმა.
„ბუ2“–ის შექმნის იდეა 2009 წლის ბოლოს გაჩნდა. იდეის ავტორი 10 წელზე მეტია თავად უსინათლოა. როგორც თავად აღნიშნა, სწორედ მას შემდეგ, რაც თვალის ჩინი დაკარგა, გადაწყვიტა პირველი სისტემა „ბუს“ შექმნა, რაც მას და სხვა დანარჩენ უსინათლოებს, მხედველების მსგავსად, ქმედუნარიანს გახდიდა. პროექტის განხორციელებას თითქმის 1 წელი დასჭირდა.
„2010 წლის ბოლოს, როცა სისტემის შექმნა საბოლოოდ დასრულდა, მეორე ეტაპი დაიწყო. იმისთვის, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა უსინათლოებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გამხდარიყო, ჩვენ დავიწყეთ შემსწავლელი კურსების ჩატარება და სისტემის სხვადასხვა ბიბლიოთეკებში დანერგვა. თავდაპირველად იგი საქართველოს ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში დაინერგა, შემდეგ მოყვა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ილია უნი და უსინათლოთა სკოლა.“

რით გამოირჩევა სისტემა „ბუ2“ მისი წინამორბედი სისტემისგან?
სისტემა „ბუს“ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა. უსინათლოს შეეძლო word-ში დამოუკიდებლად ქართულ ენაზე ეკითხა და ეწერა. სხვა დანარჩენი პროგრამა გათიშული იყო. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა "ბუ2“–ს უამრავი ფუნქცია დაემატა. მას აქვს ინტერნეტის წვდომა სამ: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე. ასევე დაემატა ინტერნეტის გარეშე კომპიუტერში სამუშაო და საძიებო ფუნქციები. მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად ნახოს, რა მასალა აქვს განთავსებული ამა თუ იმ დისკზე. ფლეშკიდან გადაიწეროს და ფლეშკაზე ჩაწეროს ნებისმიერი ფაილი. უსინათლოს შეუძლია შეასრულოს არითმეტიკული მოქმედებები, გამოიყენოს კალკულატორი, რომელიც ითვლის ხარისხებს, სინუსებს, კოსინუსებს, ლოგარითმებს და ა.შ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც „ქორის თვალი“ ქვია. ინტერნეტში არსებული წიგნების გარდა უსინათლოს შესაძლოა გაუჩნდეს იმ წიგნების წაკითხვის სურვილი, რომლებიც ადრინდელ წლებშია გამოშვებული და ინტერნეტ საიტებზე არაა განთავსებული. უსინათლოს შეუძლია ეს წიგნები დაასკანეროს და „ქორის თვალის“, იგივე ფაილ რიდერის მეშვეობით წაიკითხოს. როგორც იცით, დასკანერებული წიგნები გადადის არა ტექსტურ რედაქტორში, არამედ ფოტოგრაფიულ რეჟიმში. მართალია, ამოცნობის კოეფიციენტი ძალიან კარგი არ არის, 80–83%-ია, მაგრამ ხელით შესწორებას ექვემდებარება და ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
ყველაფერ ამასთან ერთად „ბუ“ მხოლოდ ერთ წიგნში მუშაობის საშუალებას იძლეოდა. ახალი სისტემა მრავალფანჯრიანია, სადაც მომხმარებელს ერთდროულად, თუნდაც, 10 წიგნთან შეუძლია მუშაობა.
რამდენად მოსახერხებელი და ადვილია უსინათლოსთვის ახალ სისტემაში მუშაობა?
ვინაიდან სისტემა „ბუ2“ საკმაოდ მრავალფუნქციურია, მას თან დავურთეთ სახელმძღვანელოები ელექტრონული წიგნების სახით, სადაც ყველა ფუნქციაა განმარტებული. შესაბამისად, უსინათლოს შეუძლია პროგრამები შედარებით ძნელად, მაგრამ დამოუკიდებლადაც აითვისოს.
აპირებთ თუ არა სისტემა „ბუ2“–ის შემსწავლელი კურსების გაგრძელებას?
დაფინანსების შემთხვევაში შემსწავლელი კურსები კვლავ გაგრძელდება. ბოლო კურსებით 90 უსინათლო დაეუფლა პროგრამას. წინა პროგრამა „ბუ“, რომლის შემსწავლელი სახელმძღვანელოებიც რუსულ ენაზე მოიპოვებოდა, უსინათლოებისთვის ძნელად გასაგები იყო. შესაბამისად, ქართულენოვანი „ბუ2“ მათთვის ბევრად უფრო მარტივად ასათვისებელია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დახვეწილია სისტემა „ბუ2“ და რა ფუნქციები შეიძლება დაემატოს მას?
რომ გითხრათ, მთლიანად ამოვწურეთ ეს პროგრამა, არ ვიქნები მართალი. თვითონ Windows პერიოდულად სულ ახლდება, შესაბამისად, ეს პროგრამა დახვეწას კიდევ საჭიროებს. განახლების პროცესს ორი პრობლემა უშლის ხელს. პირველ რიგში დაფინანსება, რაც საკმაოდ ძნელი მოსაპოვებელია. მეორე სპეციალისტების პოვნა. ამ პროგრამების შექმნაში მხოლოდ ორი ადამიანი ვმონაწილეობდით, მე და პროგრამისტი ზაზა ინჯია, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ახალი კვალიფიციური პროგრამისტის პოვნა არც ისე ადვილია.
„ბუ2“–გან დამოუკიდებლად, პირველ რიგში, დახვეწას ფაილ რიდერი, იგივე „ქორის თვალი“ საჭიროებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხმებზე საქართველოში თითქმის არავინ მუშაობს. ეს პროგრამა არა მხოლოდ უსინათლოებისთვის, არამედ ნებისმიერი ბიბლიოთეკისთვის არის საჭირო. არსებობს უამრავი რარიტეტული გამოცემა, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის ივერია. თუ ყველა დაიწყებს ამ იშვიათი გამოცემის გამოწერას, ხშირი გადაფურცვლით შესაძლოა საერთოდ დაცვდეს და განადგურდეს. ამ შემთხვევაში ფაილ რიდერი ოპტიმალური ვარიანტია.
„ბუ2"–ს კი, სამომავლოდ სათარგმნი საიტების გამოსაყენებელი ფუნქციები დაემატება, რაც უსინათლოს საშუალებას მისცემს კომპიუტერი და ინტერნეტი კიდევ უფრო სრულყოფილად გამოიყენოს. ასევე მინდა შევქმნა ფუნქციები, რითაც უსინათლოები თავად შეძლებენ კომპიუტერის ვირუსებისგან გაწმენდას, ვინდოუსის გადაყენებას. სასურველია მოხდეს იმ ყველაფრის ავტომატიზირება, რასაც მხედველები იყენებენ, რათა უსინათლოებმა მათთან თანასწორად იგრძნონ თავი.
ახალი სისტემის და მისი გაუმჯობესების გარდა, გეგმავთ თუ არა უსინათლოებისთვის კიდევ რაიმე სიახლის შეთავაზებას?
საბოლოოდ გეგმაში მაქვს შევქმნა საიტი უსინათლოებისთვის. მაგალითად, პარიზში არსებობს ქსელი ბრაილნეტი, ისევე როგორც ინტერნეტი. როცა ორშაბათს რომელიმე გაზეთის ახალი ნომერი გამოდის, იმავდროულად იგივე ნომერი ბრაილნეტზეც იტვირთება. შესაბამისად, უსინათლოებს შეუძლიათ პრესას დილიდანვე გაეცნონ.

ავტორი: ნინა ბურჯანაძე

რეკლამა