ორშაბათი, 24 ნოემბერი 2014
რეკლამა
Singular
კომენტარი
კომპანია „ალტა სოფთვეარი“, რომლის საქმიანობა ძირითადი საბანკო სისტემისა და საფინანსო სექტორზე ორიენტირებული პროგრამული პროდუქტების შექმნაა, ერთადერთი კომპანიაა ლოკალურად, რომელიც ძირითად საბანკო სისტემას ქმნის. ადგილობრივ ბაზარზე ამ მიმართულებით მათი კონკურენტები საზღვარგარეთიდან არიან. საქართველოში „ალტა სოფთვეარის“ ძირითადი საბანკო სისტემის მომხმარებელი 11ბანკია, დანარჩენებს სხვა სისტემები აქვს შეძენილი საერთაშორისო კომპანიებისგან.


„ალტა სოფთვეარი“ თავისი გადაწყვეტების საზღვარგარეთ გატანასა და გაყიდვას ჯერ არ გეგმავს, თუმცა ამ მიმართულებით კვლევებს აწარმოებს. ვინაიდან დასავლური ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე ამახვილებს ყურადღებას.

კომპანია 1996 წელს შეიქმნა. დაიწერა ბანკის საოპერაციო დღის პროგრამა, რომელიც პირველად „თიბისი ბანკსა“ და „საფოსტო ბანკში“ დაინერგა. ამ დროიდან მოყოლებული კომპანია, რომელსაც უკვე 24 თანამშრომელი ჰყავს, მუდმივად აფართოებს მომსახურებისა და პარტნიორების სიას. კომპანია „ალტა სოფთვეართან“ თანამშრომლობს საქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობა. ძირითადი საბანკო სისტემასთან ერთად „ალტა სოფთვეარი“ მუშაობს უკვე ოცამდე სხვადასხვა მოდულზე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა, მაგალითად: სესხებისა და დეპოზიტების, ბარათების მართვისა და ინტერნეტ ბანკის გადაწყვეტა და სხვა. კომპანიის საქმიანობის, პარტნიორებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გაზეთი „ნავიგატორი“„ალტა სოფთვეარის“ აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი თუშიშვილს ესაუბრა.

ძირითადი საბანკო სისტემის გარდა, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი თქვენს მიერ შეთავაზებული პორტფოლიოდან?

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ძირითადად აინტერესებთ სესხების მართვის გადაწყვეტა და მისი ინტეგრირება საბუღალტრო სისტემასთან. ბანკების მოთხოვნები გაცილებით მაღალია, რადგან უფრო მასშტაბურ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს - მათ კანონმდებლობითაც მეტი უფლებები აქვთ მინიჭებული. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტებიდან ზოგიერთი ერთმანეთზეა დამოკიდებული და მხოლოდ ერთ-ერთის შეძენას აზრი არ აქვს. გვაქვს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც ჩვენი ძირითადი საბანკო სისტემისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. რთულია იმ ბანკისა თუ ორგანიზაციის დასახელება, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილ აბსოლუტურად ყველა პროდუქტს მოიხმარს, მაგრამ ფაქტია, რომ თითოეული პროდუქტი ბაზარზე არსებული და კლიენტებისგან წამოსული მოთხოვნების შედეგად იქმნება.

„ალტა სოფთვეარის“ დიდი პლიუსი არის ის, რომ ძირითადი საბანკო სისტემა არის ღია და მასთან თავისუფლად შეიძლება სხვა საბანკო სისტემებისა თუ პროდუქტების ინტეგრირება. ამიტომაც ჩვენი ძირითადი საბანკო სისტემის მომხმარებელს საშუალება აქვს, სხვა ვენდორებისგანაც შეიძინოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც არაა დამოკიდებული ჩვენს სისტემაზე და შეუფერხებლად დანერგოს. სისტემის ამ მხრივ მოქნილობა და შეზღუდვის არ არსებობა მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის.

რამდენად ხშირად სთავაზობთ მომხმარებელს ახალ პროდუქტს? რას მოითხოვს ქართული ბაზარი?
ეს მუდმივი პროცესია. ჩვენი შექმნის დღიდან გარკვეული პერიოდულობით არსებული მოთხოვნების კვალობაზე იქმნება ახალი პროდუქტები. უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება ტენდენცია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი ელექტრონულად. ელექტრონულ ურთიერთობებზე გადადის როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციული სექტორი. შესაბამისად, ბაზარი ამ მიმართულებით განვითარებას მოითხოვს. თუ ადრე რაიმე ხელით კეთდებოდა და სადმე მისვლა იყო საჭირო, ახლა ყველა ცდილობს ეს სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით მოაგვაროს.
როგორია თქვენი დამოკიდებულება ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების მიმართ, ხომ არ აპირებს კომპანია ამ მიმართულებითაც შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქტი?
ამ მიმართულებით ჯერჯერობით კვლევებს ვატარებთ, რისი შეთავაზება შეიძლება მომხმარებლისათვის, თუმცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე არ მივსულვართ. პირველ ყოვლისა, ეს გადაწყვეტა ახალია. გარდა ამისა, საბანკო სექტორი მაქსიმალურად დაცული, უსაფრთხო და სტაბილური უნდა იყოს ღრუბლოვანი გადაწყვეტების გამოყენების შემთხვევაში. ეს საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას, რამდენად განხორციელებადია ბანკებისთვის ამგვარი სერვისის შეთავაზება.

საქართველოს ბანკების უმეტესობა თქვენს სისტემას ირჩევს. რატომ ანიჭებს უპირატესობას უმეტესობა თქვენს პროგრამულ უზრუნველყოფას და არა რომელიმე საერთაშორისო კომპანიის მიერ წარმოებულს?

ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე კარგი არჩევანია. არის როგორც ეკონომიური, ასევე მომხმარებლისთვის მოსახერხებელი. არც ფუნქციონალურად ჩამორჩება დასავლურ სისტემებს, რომლებიც გაცილებით ძვირი ღირს. ასევე, საერთაშორისო ვენდორებთან შედარებით, ოპერატიულად და ძალიან სწრაფად ვუწევთ პარტნიორებს მხარდაჭერას, რაც დიდი უპირატესობაა.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კვალიფიციური კადრების მოძიება?

უნდა აღინიშნოს, რომ კვალიფიციური კადრების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. ბოლო დროს გაჩნდა საშუალება, რომ ხალხმა ისწავლოს, სხვადასხვა კურსი გაიაროს და არ იყოს მხოლოდ თვითნასწავლი. ჩვენ, სამწუხაროდ, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ტრეინინგები ჩავატაროთ. ამიტომ ვქირაობთ არა ნულიდან დამწყებ, არამედ შედარებით ნასწავლ კადრებს და შემდეგ იმ მიმართულებით ვაძლევთ დამატებით ცოდნას, რაც ჩვენს კომპანიას სჭირდება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ბუნებრივია, ვფიქრობთ გაზრდას და განვითარებას. იგეგმება ასევე კომპანიის შიდა რესტრუქტურიზაცია, მუშაობის პრინციპების შეცვლა, რათა ჩვენი მომსახურება მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს.

ავტორი: ნინა ბურჯანაძე


ტეგები:
    რეკლამა