|
კომპანია "გაერთიანებული ტელეკომი" კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი კომპანიის დანახარჯების, აბონენტთა რაოდენობის და ქსელის აგებულების შესახებ ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გახდა. კომისიაში აცხადებენ, რომ "გაერთიანებულ ტელეკომს" ამის თაობაზე ერთი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა. "გაერთიანებული ტელეკომის" მიზეზით კომისიაში ურთიერთჩართვის ტარიფების შემცირების საკითხის განხილვაც გადაიდო. კომპანიის იურისტის, ლევან გიორგაძის განმარტებით, ”გაერთიანებულ ტელეკომს” ინფორმაცია წარდგენილი აქვს, თუმცა ერთ ნაწილში გარკვეული უზუსტობა იყო, რასაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ინფორმაციის წარუდგენლობის კვალიფიკაცია მიანიჭა. აღნიშნული გარემოება კომპანიის დაჯარიმების საფუძველი გახდა. ”გაერთიანებული ტელეკომი” კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.
|